შალვა პაპუაშვილი – უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: როგორც ჩანს ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ მათ აქვთ უფლება ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში და დახარჯონ ამისთვის ფული თუმცა იგივე ქმედების განხორციელების უფლება საქართველოს არ აქვს

“როგორც ჩანს ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ მათ აქვთ უფლება ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში და დახარჯონ ამისთვის ფული თუმცა იგივე ქმედების განხორციელების უფლება საქართველოს არ აქვს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს უყურებენ, როგორც მეორე ხარისხოვან ხალხს და ქვეყანას.

„შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის ელჩმა გამოთქვა გაკვირვება და შეშფოთება იმის გამო, რომ არ მიეცა შესაძლებლობა ბრიტანეთის საელჩოს დაეფინანსებინა რადიკალური ოპოზიციის პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“. ეს არის ჩვეულებრივი პარტიული კედლის გაზეთი და ბრიტანეთის ელჩი ცდილობდა დაეფინანსებინა რადიკალების კედლის გაზეთი. და დღეს, ვიგებთ ბრიტანეთისგან, რომ იგივე ქმედება ჩვენ, რომ განვახორციელოთ ბრიტანეთში, ამისთვის სასტიკად უნდა დაგვსაჯონ და ამის შესაძლებლობა არ მოგვცენ. ეს ხომ ერთადერთ რამეს აჩვენებს – ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორე ხარისხოვან ხალხს და ქვეყანას. ანუ მათთან არ უნდა მოხდეს, მათთან არავინ არ უნდა ჩაერიოს, ბრიტანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ქართველებს თურმე არ გვაქვს უფლება, რომ ბრიტანელ ხალხს მივეხმაროთ დემოკრატიის განვითარებაში. და რატომ არ გვაქვს უფლება, არ შეიძლება ჩვენგან რამე ისწავლონ და ჩვენ დავაფინანსოთ ბრიტანეთში პოლიტიკური აქტივობები? რა, ქართულ ფულს რაიმე მანკი აქვს თუ რაიმე წუნი აქვს. მთელი უტიფრობა ამ ყველაფრის ის არის, რომ ერთია, რომ ფულს ხარჯავს და ამაზე კითხვა, რომ დაუსვა შეიცხადებენ და თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, როგორ თუ კითხვებს სვავს ქართველი ხალხი.
ეს აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც ყოველთვის იყო, ყოველთვის უბრალოდ კარგად იფუთებოდა და დღეს ვეღარ იფუთება იმიტომ, რომ ჩვენ ვამხილეთ ბევრჯერ. ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი – მართალი სიტყვა, რისიც ეშინიათ. ამიტომ ცდილობენ ჩვენს დასჯას, ჩვენს დევნას, რომ გაგვაჩუმონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წარადგინა ახალი წესები, რომლებიც ასახულია „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტში, რათა უზრუნველყოს მეტი გამჭვირვალობა და უსაფრთხოება პოლიტიკური შემოწირულობების გარშემო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები