შალვა პაპუაშვილი: BBC-სგან საჩივარზე რამდენიმე დღის წინ პასუხი მივიღეთ – რა თქმა უნდა წინასწარვე ჰქონდათ თავისი პოზიცია გამჟღავნებული

“BBC-სგან საჩივარზე რამდენიმე დღის წინ პასუხი მივიღეთ. რა თქმა უნდა წინასწარვე ჰქონდათ თავისი პოზიცია გამჟღავნებული, არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სადაც რომელიმე უცხოური სახელმწიფო, ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, ყველგან დამარცხდა.

„BBC-სგან საჩივარზე რამდენიმე დღის წინ პასუხი მივიღეთ. რა თქმა უნდა წინასწარვე ჰქონდათ თავისი პოზიცია გამჟღავნებული, არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიციაა. თავიდანვე ვთქვით, რომ მივყვებით პროცედურებს. ჩვენი იურისტები მუშაობენ უკვე საპასუხო მიმართვაზე, რომელიც ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე, კვლავ BBC-ში უნდა გავასაჩივროთ, მათი პოზიცია შიდა რეგულაციის დონეზე. BBC-სგან დიდი იმედი არ გვქონდა, რომ როდესაც ასეთ ფალსიფიკაციას მხარს უჭერ და აქვეყნებ, შემდეგ საკუთარ თავს დააბრალებდნენ რამეს, ამიტომაც მივყვებით ყველა პროცედურას. გამოცდილება გვეუბნება, რომ სადაც რომელიმე უცხოური სახელმწიფო, ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, ყველგან დამარცხდა. ასე რომ, აქაც ნახავთ მწარე მარცხს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ შესაბამისი პლატფორმებიდან მასალის აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლითაც BBC საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური იარაღის, „კამიტის“ გამოყენებას აბრალებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები