ჩუღურეთის მოსახლეობა თბილისის მთავრობისგან დახმარებას მიიღებს

  თბილისის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოსახლეობას სამშენებლო მასალები გადასცეს.
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ვისაც არ აქვს, შესაძლებლობა საკუთარი სახსრებით შეაკეთოს დაზიანებული სახლები. ზურაბ ჩიკვილაძის ინფორმაციით, გამგეობა დაეხმარება 700-მდე სოციალურად დაუცველ და 2002 წელს მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახებს, განსაკუთრებით კი მათ ვინც კერძო, ძველ, დაზიანებულ სახლში ცხოვრობს.
„ჩვენ აუცილებლად ყოველ წელს უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს საშუალება შეიძინოს სამშენებლო მასალა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მათგანისთვის, რადგან ახლა ზამთრის პერიოდი მოდის და მათი სახლების შეკეთება, თუნუქით გადახურვა ძალიან აქტუალური და საჭიროა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მოსახლეობის დახმარებას ვცდილობთ იმ ფინანსების ფარგლებში, რაც წლის ბოლოსთვის ბიუჯეტში არის დარჩენილი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 7 თვის განმავლობაში ძველმა ხელისუფლებამ მთლიანად გახარჯა მთელი წლის ბიუჯეტი და ჩვენ გვიწევს ძალიან მწირი ფინანსების ფარგლებში ხალხის დახმარება. ამ აქციას ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მომავალშიც და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ხალხის დახმარების მეტ შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
მოსახლეობის პერმანენტული დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა თბილისის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ. მისი განმარტებით, იმ 700-მდე ოჯახს, რომელსაც ჩუღურეთის გამგეობა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში დაეხმარება, მომავალ წელს უფრო მეტი ოჯახი დაემატება.
„მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს სამშენებლო მასალებით დახმარება. ადამიანებს, რომლებსაც წლების მანძილზე ჰქონდათ პრობლემა, ჩუღურეთის გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს“, – აღნიშნა გიორგი სოლომონიამ.
675 ოჯახს საჭიროების მიხედვით, ოქტომბრის ბოლომდე სამშენებლო ბლოკი, ცემენტი და გოფრირებული თუნუქი დაურიგდება. აღნიშნული მასალებიის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში ორმა კომპანიამ, „ჯეოპასტმა“ და „ჯი-არ-ჯი“-მ გაიმარჯვა. ტენდერის საერთო ღირებულება 131 ათას ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები