საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული, პარტნიორული და ეკონომიკური ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებისა და განვითარების პერსპექტივებს შეეხო.

,,საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სამაგალითოა ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობის მოდელი, რომელიც ნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე , თანასწორობაზე და ქვეყნების ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზეა დაფუძნებული. მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ და აზერბაიჯანი ვართ სტრატეგიული პარტნიორები. ერთობლივად ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში ვმონაწილეობთ, ასევე ბევრ საკითხებში ვართ თანხვედრაში. ეკონომიკური კუთხით საკმაოდ საინტერესო პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ჩვენი და აზერბაიჯანის ურთიერთობა სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ ეს ურთიერთობები უფრო გაძლიერდება და განვითარდება,“ – განაცხადა პრეზიდენტმა შეხვედრის დასასრულს.

როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას და მზად არის ამ პროცესში საჭიროების შესაბამისად თავისი წვლილის შეტანა გააგრძელოს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები