მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
„მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ვრცელი სპექტრი განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივ ვაჭრობას, ტრანსპორტის და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებს. ყურადღება გამახვილდა ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის ძალისხმევაზე ე.წ. შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა საერთაშორისო ტვირთების აღნიშნულ დერეფანში მოზიდვის მნიშვნელობას და ამ კუთხით, ორივე ქვეყნის მთავრობათა ძალისხმევას. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს შუა დერეფნის შემდგომ განვითარებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო წლებში ზრდადი დინამიკით ხასიათდება – 2024 წელს ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 25 პროცენტით, ექსპორტი კი 22 პროცენტით გაიზარდა. ამ მაჩვენებლებით ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. მსგავსი დინამიკა 2025 წელსაც გაგრძელდა – იანვარი – მაისის პერიოდში, ბრუნვა 24 პროცენტით, ექსპორტი კი 20 პროცენტით გაიზარდა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო – ეკონომიკური პარტნიორია.
„ექსპორტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორივე ქვეყნის ეკონომიკაში, და, რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი პარტნიორობის არსებული ჩარჩოები კიდევ უფრო გაფართოვდება, და ჩვენ კიდევ უფრო მეტ ქართული წარმოების პროდუქტს ვიხილავთ ყაზახეთის ბაზარზე“, – აღნიშნა მინისტრმა.
მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ტურიზმისა და ავიაციის სფეროებში – აღინიშნა, რომ 2024 წელს ყაზახეთი საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების ტოპ-ათეულში მეექვსე იყო, ზრდამ კი წინა წელთან შედარებით 17 პროცენტი შეადგინა. ხაზი გაესვა თანამშრომლობას ავიაციის სფეროში – ითქვა, რომ წლევანდელ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ყოველკვირეულად საქართველოსა და ყაზახეთს შორის 55 ფრენის შესრულებაა დამტკიცებული.
შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს დედაქალაქში 22-23 ოქტომბერს გაიმართება. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ყაზახეთის მხარე ფორუმზე მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი.
შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ყაზახეთის რესპუბლიკაში ირაკლი მესხელი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.