მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრთან ორი ქვეყნის სატრანსპორტო კავშირების და შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილა

ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ვაჭრობის სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთის სტრატეგიულ თანამშრომლობას ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სახმელეთო ტრანსპორტით თითქმის 1 მილიონი ტონა, ხოლო რკინიგზის მეშვეობით 2,7 მლნ ტონაზე მეტი ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების მდგრადობას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე როგორც სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით, რომელიც ბოლო წლებში ზრდადი დინამიკით ხასიათდება, ისე ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის, შუა დერეფნის განვითარების კუთხით. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ამ დერეფანს აქვს განსაკუთრებული პოტენციალი როგორც ევროპასა და აზიას შორის სანდო და ეფექტურ სატრანზიტო მარშრუტს.

„შუა დერეფანი ევროპა – აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი შემადგენელია, რომლის განვითარებაც ხელს შეუწყობს რეგიონში როგორც ეკონომიკურ კეთილდღეობას, ისე სტაბილურობას. ამისთვის აუცილებელია მეტი კოორდინაცია, საინვესტიციო დანახარჯები და დერეფნის მონაწილე ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა, რათა დერეფანი გახდეს უფრო მეტად კონკურენტული,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის თანამშრომლობაზე ჩინეთი – ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების განვითარებასა და ამ მიზნით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM) წარმატებულ ამოქმედებაზე. აღინიშნა, რომ ამ მარშრუტით დღეს აქტიურად ხორციელდება რკინიგზით საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთსა და ევროპას შორის. ხაზი გაესვა ყაზახური მხარის აქტიურ როლს 2023 წელს ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის დაფუძნების პროცესში, რაც კიდევ უფრო ამყარებს რეგიონულ პარტნიორობასა და სატრანზიტო მიმართულების განვითარების მნიშვნელოვან პერსპექტივას. ერთობლივი საწარმოს მთავარი ფუნქციებია, უზრუნველყოს მომსახურების მიწოდება „ერთი ფანჯრის” პრინციპით, გარანტირებულად დადგინდეს გადაზიდვის ვადები და ღირებულება და განხორციელდეს შეთანხმებული პოლიტიკა მულტიმოდალური სერვისის განვითარების გზით და ჩინეთი – ევროპა/თურქეთი – ჩინეთის მიმართულებით სატვირთო მიზნით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყაზახეთის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია იმ სატრანსპორტო – ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მთავრობის ძალისხმევით მიმდინარეობს. მათ შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ – დასავლეთის ავტომაგისტრალი, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა, რკინიგზის მოდერნიზება და სხვ.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ყაზახურ ინვესტიციებს საქართველოს საპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში. ასევე საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას ავიაციის სფეროში – ამჟამად ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და ყაზახეთს შორის კვირაში 55 ფრენის შესრულებაა დამტკიცებული.

შეხვედრის დასასრულს, მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე ფორუმზე მოიწვია, რომელიც საქართველოს დედაქალაქში 22-23 ოქტომბერს გაიმართება.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გურამ გურამიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე სს „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები