საქართველოში რუსეთიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები წლიურ ჭრილში კლებას განაგრძობს
2025 წლის II კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,145.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.0%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წლის ორ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1,971.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 3.8%).
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 15.2%-ით განისაზღვრა და 173.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.0%-ით მეტია.
სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა აზერბაიჯანიდან, საუდის არაბეთიდან და ისრაელიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 42.3%, 20.9%, 16.4%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.
კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები – 2025 წლის II კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 20.5%-ით შემცირდა.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მეორე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:
ქვეყანა საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი
აზერბაიჯანი 54.0
ბელარუსი 19.9
თურქეთი 151.4
ირანი 29.3
ისრაელი 127.7
რუსეთი 166.0
საუდის არაბეთი 30.1
სომხეთი 37.8
უკრაინა 35.8
ევროკავშირი 173.9
დანარჩენი ქვეყნები 319.3