ნინო თანდილაშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართულ ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრა ენერგეტიკული გაერთიანების დაარსების 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
წლევანდელი მინისტერიალი მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, რადგან ქვეყანა პირველად მონაწილეობდა თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით. საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებას 2025 წლის დასაწყისიდან, ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ნინო თანდილაშვილმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების დაარსების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროგრესზე.
„საქართველო მუშაობს სათბურის გაზების ემისიებით ვაჭრობის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებაზე. როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მიზანშეწონილად მივიჩნევთ ეტაპობრივ ინტეგრირებას ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემაში. ამ პროცესის დაწყებამდე საქართველო მზად არის ითანამშრომლოს ევროკომისიასა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან, რათა ერთობლივად შეფასდეს გარდამავალი პერიოდისთვის ეროვნული სისტემის დანერგვის მიზანშეწონილობა“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მან ასევე გაუსვა ხაზი ე.წ. ნახშირბადის საზღვრის კორექტირების მექანიზმის (CBAM) მნიშვნელობას, რომელიც ევროკავშირში 2026 წლის დასაწყისში ამოქმედდება. მისი თქმით, აუცილებელია ევროკავშირის მხრიდან ქართულ კომპანიებთან დეტალური ინფორმაციის გაზიარება, რათა ექსპორტიორები წინასწარ მოემზადონ ახალ რეგულაციებთან შესაბამისობისთვის.
მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა, ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატების წარმომადგენლებმა, ბალკანეთის ქვეყნების ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა.
საქართველოს სახელით მინისტერიალში ნინო თანდილაშვილთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.