დავით მათიკაშვილი: კარგია, რომ ბრიტანეთის ელჩი ვიდეომიმართვისას ქართულად საუბრობს, მაგრამ ქართულად სიმართლე უნდა ილაპარაკოს, თორემ ტყუილებს ქართულად ილაპარაკებს, ფრანგულად თუ ინგლისურად, მნიშვნელობა არ აქვს
,,ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის განცხადებას ეხმაურება.
„სურთ, საზოგადოება მოდელირებულ რეალობაში ამყოფონ. ვისაც 2012 წლამდე დემოკრატიის შუქურად მიიჩნევდნენ, გვახსოვს, რეალობის გადასხვაფერება როგორ ხდებოდა. ელჩი, ისევე, როგორც პოლიციელი, სახელმწიფოს წარმოადგენს. დიდ ბრიტანეთში ჟურნალისტს ბრიტანეთის პოლიტიკა რომ არ მოსწონდეს და ელჩს სილა უთავაზოს, ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იქნება, ხელისუფლების კრიტიკა თუ სისხლის სამართლის დანაშაული? საქართველოში პოლიციელს ხელი დაარტყეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ შესაბამისი პროცედურები დაიწყო. ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაში ჟურნალისტმა ელჩს რომ სილა გააწნას, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება თუ ხელისუფლების კრიტიკა, იქნებ, ამაზე პასუხი გაგვცეს. ევროპაში კომისიის სხდომაზე რომ არ მივიდნენ, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება თუ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა? უმარტივესი მოცემულობაა და უტიფრობას საზღვარი არ აქვს. მესმის, რომ ვენის კონვენცია აღარ აინტერესებთ, მაგრამ სიმართლესთან წვდომა ხომ უნდა ჰქონდეთ? კარგია, რომ ქართულად საუბრობს, მაგრამ ქართულად სიმართლე უნდა ილაპარაკოს, თორემ ტყუილებს ქართულად ილაპარაკებს, ფრანგულად თუ ინგლისურად, მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ბრიტანეთის ელჩი ვიდეომიმართვაში ქართულად აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ევროპულ ნორმებს ეწინააღმდეგება.