“ეს წერილი არის ზეწოლა საქართველოს მოსახლეობაზე, ეს ყველაფერი ხდება “დიფ სთეითის” მიერ და მას მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი” – რიმა ბერაძე

“ვფიქრობთ, რომ ეს წერილი არის ზეწოლა საქართველოს მოსახლეობაზე და ჩვენს დემოკრატიაზე, სადაც გავრცელებულია ცრუ ბრალდებები და დეზინფორმაცია. ეს ყველაფერი ხდება “დიფ სთეითის” მიერ და მას მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, რიმა ბერაძემ, 18 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“ეს არის გზავნილი იმისათვის, რომ არ ჩატარდეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიული პრინციპებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვემზადებით ამ არჩევნების დემოკრატიულად და ყველა წესის დაცვით ჩატარებისათვის”, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

საქართველოსთან დაკავშირებით 18 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები