ეკატერინე გალდავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ გლობალური გადახდების კვირეულში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ, ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ „გლობალური გადახდების კვირეული 2025“ -ში მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსური რეგულატორები და გადახდების სისტემების ექსპერტები. გაიმართა დისკუსია გადახდების სფეროში გლობალურ ტენდენციებსა და მიმდინარე გამოწვევებზე.

კვირეულის ძირითადი განსახილველი თემები იყო ციფრული გადახდების ინოვაციები, საერთაშორისო გადარიცხვების გაუმჯობესება, ტოკენიზაცია, კიბერუსაფრთხოება და მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვა.

ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ვიცე-პრეზიდენტებს და ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს მთავარ მრჩეველს დანიელა რუსოს. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვის, ინოვაციურ პროდუქტებთან დაკავშირებული რისკების მართვისა და ციფრული ფინანსური სერვისების უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით.

ეკატერინე გალდავას განცხადებით, ელექტრონული გადახდების საკითხი საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია, შესაბამისად გლობალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანი საკითხია.

“გლობალურ საგადასახადო ფორუმებზე მონაწილეობა საქართველოსთვის არა მხოლოდ პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალება, არამედ მნიშვნელოვან პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაც არის. ელექტრონული გადახდების განვითარება, მათი სანდოობა და მომხმარებელთა დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია და ამ მიმართულებით რეგიონული და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მეტად ღირებულია,” – აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

ბრაზილიაში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა საგადასახადო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების პრაქტიკის მენეჯერთან ჰარიშ ნატარაჯანთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილეს საერთაშორისო გადახდების გაუმჯობესებისა და რეგულაციური ინტერპერატაბელურობის მიმართულებით არსებული რეგიონული მიდგომები.

„გლობალური გადახდების კვირეული 2025“ მსოფლიო ბანკის, გადასადებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის (CPMI – BIS) და ბრაზილიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა. კვირეული გადახდების სფეროში მნიშვნელოვან გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს დიალოგისთვის, ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები