სოსო გიორგაძე ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე სიტყვით გამოვიდა ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

საიუბილეო ღონისძიება გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში. მასში მონაწილეობა მიიღეს ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის წევრმა და წევრობის პერსპექტივის მქონე სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა. სოსო გიორგაძემ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ჟენევის აქტზე მიერთების მნიშვნელობას, როგორც მონაწილე სახელმწიფოებში ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების სამართლებრივი დაცვის ძლიერ მექანიზმსა და დამატებით საშუალებას ავთენტიკური, მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტების საერთაშორისო ცნობადობისა და აღიარებისათვის. მისი თქმით, თითოეული ასეთი პროდუქტი ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია და თავისებურად ასახავს საქართველოს ტრადიციებს, თაობების მიერ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას. დასასრულს, სოსო გიორგაძემ მადლობა გადაუხადა WIPO-ს გენერალურ დირექტორსა და მთელ გუნდს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მომავალ კვირას WIPO-ს გენერალურ დირექტორს საქართველოს ჟენევის აქტთან მიერთების სიგელს გადასცემს.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, სიტყვით გამოვიდნენ: ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორი დერენ ტანგი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორის მოადგილე ვანგ ბინინგი, აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (OAPI) გენერალური დირექტორი დენის ლუკუ ბოჰუსუ და ევროკომისიის სპეციალური წარმომადგენელი დიეგო კანგა ფანო. მათ ისაუბრეს ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების სოციალურ-ეკონომიკურ როლზე როგორც ადგილობრივი პროდუქტებისა და ტრადიციების შენარჩუნების, ისე ქვეყნების მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში.

აღსანიშნავია, რომ ჟენევის აქტთან შეერთებას წინ უძღოდა საქპატენტის მიერ განხორციელებული რეფორმა. კერძოდ, მომზადდა და მიღებულ იქნა ახალი კანონი „ადგილწარმოშობის დასახელებებსა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“, რომელმაც ახლებურად დაარეგულირა რეგისტრაციის პროცედურა, გაზარდა მეწარმეთა გაერთიანებების ფუნქციები და, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ჩამოაყალიბა საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული პროდუქტების კონტროლის სისტემა. 2025 წლის 18 მარტს კი საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის“ რატიფიცირება. შედეგად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ქართული უნიკალური პროდუქტების დაცვის არეალი და მოიცვა ჟენევის აქტის მონაწილე 23 სახელმწიფო და 2 მთავრობათაშორისი ორგანიზაცია – ევროკავშირი და აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყება.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები