გივი მიქანაძემ და კახაბერ გულედანმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, დედაქალაქის ვიცე-მერი, გიორგი ტყემალაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის იმ უფლებამოსილების დელეგირებაზე, რომელიც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას შეეხება.
როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პროცედურებს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციის უწყვეტი პროცესის გაგრძელებისთვის.
„ჩვენი მიზანია, სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებასთან და გადაუდებელი საჭიროებების აღმოფხვრასთან დაკავშირებული პროცესები იმავე გრაფიკით, რეჟიმით და ხარისხით გაგრძელდეს, როგორც იყო დაგეგმილი და როგორც მიმდინარეობს.
გადაბარების პროცესში ხარვეზები რომ არ იყოს, დავსახეთ კონკრეტული ამოცანები და სამომავლო გეგმები. ეს გახლავთ დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი – როდესაც ადგილობრივ ხელისუფლებას ვუზრდით გარკვეულ უფლებამოსილებებს და მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის კუთხით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაში არის და იქნება რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ისევე, როგორც ქალაქ თბილისის მერიასთან და რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამოსილება შესაბამის სამინისტროებში გადანაწილდება.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.