ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
2025 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია.
„ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, ხოლო მაისში 245.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა, ჯამურად 2025 წლის იანვარ-მაისში წმინდა შესყიდვებმა 613.5 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ივნისის სტატისტიკა კი 25 ივლისს გამოქვეყნდება.
2025 წლის ივნისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.1% (754.4 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 254.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 6 აგვისტოს გამოაქვეყნებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.