ნანა ფაჩუაშვილი: ზოგიერთი მამაკაცი დღესაც ფიქრობს, რომ ცოლი სახლში უნდა იჯდეს

 

        ილიაუნში დღეს მომხდარმა შემზარავმა ფაქტმა საზოგადოება აღაშფოთა. როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო ოჯახში ძალადობას და რა უნდა გააკეთდეს მსგავსი ტრაგიკული შედეგების თავიდან ასაცილებლად? ამ კითხვით “კვირამ“ მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს მიმართა. მსახიობი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია უნდა აწარმოოს და ამ კუთხით საზოგადოების განათლება უნდა გაღრმავდეს. მისივე აზრით, მოძალადე ადამიანების მიმართ სასჯელი უნდა იყოს მეტად მკაცრი და მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მას სათანადო პასუხისგება მოუწევს. ფაქტს, რომ მოძალადეებს შორის მამაკაცები სჭარბობენ, ფაჩუაშვილი ნაწილობრივ იმ წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციების გავლენით ხსნის, რომლებიც კავკასიელ ხალხს, მათ შორის ქართველებს გააჩნიათ.
“შემზარავი ფაქტები, სამწუხაროდ, ადრეც ხდებოდა. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქვეყანაში ძალადობის შემთხვევებმა ბოლო პერიოდში იმატა. აგრესიული და ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანები ადრეც ცხოვრობდნენ და დღესაც არიან. ვფიქრობ ახლა გაცილებით აქტიურად შუქდება კრიმინალური ფაქტები. საზოგადოების თითოეული წევრი სახელმწიფოსთან ერთად ვალდებულები ვართ, წვილილი შევიტანოთ შეგნების ამაღლებაში. უნდა ვიწამოთ, რომ ადამიანები გვქვია და ცხოველებისგან განსხვავებით გონება გვაქვს და თავშეკავება გვმართებს. თუ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, მას იქამდე უნდა ვუმკურნალოდ და გვერდში დავუდგეთ, ვიდრე ძალადობას ჩაიდენს. განათლების დონის ამაღლება უნდა მოხდეს, რომ შემდეგ ეს თვითშეგნებაზეც აისახოს. დამნაშავე კი უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს და ამით მეორე ადამიანს მაგალითი ეძლეოდეს, რომ ანალოგიურის ჩადენის შემთხვევაში მასაც მოუწევს პასუხისგება. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოძალადეებს შორის მამაკაცები სჭარბობენ, ეს ნაწილობრივ კავკასიური ბუნებიდან, ადათ-წესებიდან გამომდინარეობს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ზოგიერთი მამაკაცი დღესაც ფიქრობს, რომ ცოლი სახლში უნდა იჯდეს და მხოლოდ საოჯახო საქმეებით იყოს დაკავებული. იმედი მაქვს, რომ მენტალიტეტში ეტაპობრივად ეს მიდგომა შეიცვლება“, – განუცხადა “კვირას“ ნანა ფაჩუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რომ ილიაუნიში ტრაგედია დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის ლექტორი მარია (მაკა) წივწივაძე ყოფილმა ქმარმა ლაშა მაღარძემ ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. წივწივაძე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გადაიყვანა, თუმცა, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც პაციენტის გადარჩევა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები