ირაკლი კუპრაძე – თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: უახლოეს პერიოდში გვექნება საჯარო განცხადება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ
უახლოეს პერიოდში გვექნება საჯარო განცხადება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, – ამის შესახებ პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების საბოლოო მიღების პროცესში მონაწილეობენ პარტიის ლიდერებიც, რომლებიც ამჟამად საპატიმროში იმყოფებიან.
„ჩვენ როცა გავხსენით დისკუსია, გვქონდა კონკრეტული პოზიციები მონაწილეობასთან და არ მონაწილეობასთან, პოზიტიური, ნეგატიური მხარე. გვქონდა არგუმენტები ორივე მხარეს და გვქონდა ჩვენი გზის ხედვა, რა უნდა ყოფილიყო ეს გზა. ეს გზა უნდა ყოფილიყო შეთანხმება, ერთობა, სტაბილური, მკაფიო, ერთ გზავნილზე ჩამოყალიბებული საარჩევნო კამპანია შეთანხმებებით, კონსოლიდაციით და მათ შორის, სრული კოორდინაციით ოპოზიციურ ფლანგზე. არ ვფიქრობ მაინც, რომ შეუძლებელია, თუმცა გართულდა და ამან უკვე დააჩქარა ჩვენი გადაწყვეტილების ვადებიც და პროცესიც.
რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში, ჩვენ გვექნება უკვე საჯარო განცხადება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, გადაწყვეტილებებს ვიღებთ ერთხმად, პოლიტსაბჭოს მონაწილეობით, მათ შორის, ჩვენი პარტიის ლიდერები ამჟამად საპატიმროში იმყოფებიან, ორი პოლიტპატიმარი ლიდერი გვყავს – ერთი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე. ისინი საპატიმროდან ახერხებენ ადვოკატების მეშვეობით ჩვენთან კომუნიკაციას. გადაწყვეტილების საბოლოო პროცესში ლელოს ლიდერები მონაწილეობენ, ჩვენც ყოველდღიურად ვიკრიბებით, ვმსჯელობთ ვცვლით მოსაზრებებს და ადვოკატები არიან ხიდი ჩვენსა და პოლიტპატიმრებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.