“მართლაც რომ უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი შიმშილობს და მოთხოვნებს ოპოზიციასავე უყენებს” – წილოსანი
“მართლაც რომ უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი შიმშილობს და მოთხოვნებს ოპოზიციასვე უყენებს და არა ხელისუფლებას”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
მისი თქმით, ოპოზიცია იმდენად უსამშობლოა, რომ უკვე თავის რიგებშიც და საკუთარ ამომრჩეველშიც ვეღარ პოულობს თანადგომას.
“ფაქტია, რომ ელენე ხოშტარიას მორიგი რადიკალიზმი და ექსტრემიზმი მიემართებოდა იმისკენ, რომ საკუთარი კოლეგებისთვის რაღაც დაევალდებულებინა. მართლაც, რომ უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი შიმშილობს და მოთხოვნებს ოპოზიციასავე უყენებს და არა ხელისუფლებას. ამიტომ, ეს შიმშილობაც ძალიან მალე დასრულდა და ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნზე მხოლოდ იგივე პარტიებმა, პოლიტიკურმა სუბიექტებმა განაცხადეს, რომ აღარ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ვისაც აქამდე ისედაც ჰქონდა ეს დაფიქსირებული. მეორე მხრივ, ისინი ვინც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, ეს არის „ლელო“ და გახარიას პარტია, მათმა წარმომადგენლებმა პირიქით, უსაყვედურეს და გარკვეულწილად ძალიან კორექტულად მოუწოდეს ამ სიგიჟეს თავი გაანებოს.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა დააპროვოცირა ის, რომ ელენე ხოშტარიას შიმშილობამ მხოლოდ ორ დღეს გასტანა. ესეც საკითხავია შიმშილობდა თუ არა. შედეგად მივიღეთ საკუთარი ამომრჩევლის კიდევ ერთხელ მომტყუებელი პოლიტიკური ლიდერები, ვინც დიდი სიხარულით ამცნეს, რომ რაღაც რვა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადაწყვიტა, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში.
დიახ, ვიცოდით ისედაც, რომ რვა და კიდევ უფრო მეტნი არიან რადიკალები, თუმცა ისინი კი, ვინც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, სრულებით არ გულისხმობს, რომ მათ ნაკლები რადიკალიზმი აქვთ. უბრალოდ, ამგვარად დაალაგეს საჭადრაკო დაფაზე პაიკები და ფიგურები უცხოურმა ბატონებმა და მათმა ხელმძღვანელებმა. შესაბამისად, ვინც არჩევნებში მონაწილეობას იღებს, მხოლოდ და მხოლოდ როლების განაწილების მომენტში არიან. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, მგონი ამას არც სჭირდება ბევრი მტკიცება, ეს არის თვითლიკვიდაციის პირას მყოფი ოპოზიცია იმიტომ, რომ მართლაც იმდენად უსამშობლოები არიან, ხუთზე მეტი მათი რადიკალი პოლიტიკოსია დაკავებული, თავად გვიმტკიცებენ, რომ თურმე პოლიტპატიმრები არიან და ამ ადამიანების ოჯახის წევრებიც კი არ გამოდიან აქციაზე. ჩვენ ვნახეთ ჩაშლილი აქცია ძალიან დიდი მზადების შემდეგ“, – აღნიშნავს წილოსანი.