მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესსთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციის ურთიერთობათა საკითხების ვრცელი სპექტრი განიხილეს, მათ შორის – ელექტრონული სერვისების საქართველოს პორტებში დანერგვა, პარტნიორობა სხვადასხვა პროექტებში, თანამშრომლობა საზღვაო განათლების სფეროში და მეზღვაურთა დასაქმების საკითხები და ა.შ.
„საზღვაო სექტორი მთლიანად საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი განვითარება კი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშროლობა გვაკავშირებს – საქართველო წარმატებით ასრულებს IMO-ს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით გათვალისწინებულ მოვალეობებსა და ვალდებულებებს და რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ უმაღლეს სტანდარტებს საზღვაო უსაფრთხოებისა და მეზღვაურთა კეთილდღეობის, წვრთნისა და სერტიფიცირების, ასევე გარემოს დაცვის კუთხით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა 1993 წლიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ ჩატარებული ორი აუდიტი: 2015 წელს ნებაყოფლობით გაიარა IMO-ს IMSAS აუდიტი, ხოლო 2025 წელს – სავალდებულო აუდიტი. როგორც მხარეების მიერ აღინიშნა, ეს მიღწევები ასახავს საქართველოს მტკიცე ერთგულებას IMO-ს კონვენციებიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების ეფექტური დანერგვა-განხორციელებისადმი.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა. ქართულმა მხარემ არსენიო დომინგესს მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მიერ წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთელი სექტორის მოდერნიზაციისა და საერთაშორისო სტანდარტების სერვისების დანერგვის პროცესში. ამასთან, როგორც მხარეების მიერ ხაზგასმით აღინიშნა, საზღვაო სექტორს შეუცვლელი როლი აქვს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზებაში, მათ შორის შუა დერეფნის შემდგომი განვითარებისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით.
„საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია შავ ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებით. შესაბამისად, ჩვენი საპორტო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია საქართველოს, როგორც სტაბილური და საიმედო სახელმწიფოს პოზიციონირებისთვის. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც ხელსაყრელ პირობებს შექმნის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოგისტიკური სერვისების და ინდუსტრიული ზონის განვითარებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მოიწვია, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები