ირაკლი ალასანია ვეტერანთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ვეტერანთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც ვეტერანთა პარკი გაიხსნა.
თბილისის მერიის და მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების – ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიას და გოჩა ყარყარაშვილის სახელობის ხეები დარგეს. თავდაცვის მინისტრმა ღონისძიებაში მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ვეტერანთა დაფასების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მე მინდა ვეტერანთა დეპარტამენტს, ქალაქის მერიას, ყველას, ვინც ეს დღე ჩაიფიქრა, დიდი მადლობა გადავუხადო ვეტერანების და, რა თქმა უნდა, ჯარის სახელით, იმიტომ რომ ვინც დღეს ჯარში მსახურობს, ხვალ ვეტერანი იქნება. აქედან გამომდინარე, იმ ადამიანების დაფასება, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწინა ჩვენს მომავალს, ჩვენთვის ძალიან ღირებული და ღირსეული საქმეა“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ვეტერანთა პარკის გახსნას თბილისის მერიის, მთავრობის, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრი, ბავშვთა ანსამბლი „მართვე“ და შეიარაღებული ძალების ვეტერან-ოფიცერთა ქართული ფოლკლორული სიმღერის ანსამბლი „მშვიდობა“. ვეტერანთა პარკში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სახელზე 4000 ხეს დარგავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები