ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, რომ ყველა მუნიციპალური ცენტრი იყოს უზრუნველყოფილი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურით, რაც მოიცავს საფეხბურთო და სარაგბო მოედნებს, შიდა მოედნებს, საჭიდაო დარბაზებს, საცურაო აუზს
მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, საბოლოო მიზანია, რომ ყველა მუნიციპალური ცენტრი იყოს უზრუნველყოფილი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მოიცავს, მათ შორის, საფეხბურთო და სარაგბო მოედნებს, შიდა მოედნებს, საჭიდაო დარბაზებს, სხვადასხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ დარბაზებს, საცურაო აუზს და ა.შ.
„ასევე, მულტიფუნქციური ცენტრები უნდა მოიცავდეს შემეცნებით-კულტურულ ინფრასტრუქტურასაც, თავისი არსით უნდა იყოს თავიდან ბოლომდე მულტიფუნქციური. საბოლოო ჯამში, ყველა მუნიციპალიტეტი იქნება უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ყვარელი იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ თვალსაზრისით” , – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ყვარელში თეატრის რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია და აღნიშნა, რომ სამუშაოები მალე დაიწყება.