ირაკლი კობახიძე – ბორჯომის ტრანზიტული მოძრაობა სერიოზული პრობლემაა კურორტისთვის, თუმცა სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ინფრასტრუქტურული ჩარევის საფუძველზე შეიძლება დაიკარგოს უნიკალური ბორჯომის წყალი, ამ საკითხზე საჭიროა სიღრმისეული კვლევა
ბორჯომის ტრანზიტული მოძრაობა სერიოზული გამოწვევა და პრობლემაა კურორტისთვის, უბრალოდ არის კომპლექსური საკითხი, მათ შორის სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ შეიძლება დაიკარგოს უნიკალური ბორჯომის წყალი ინფრასტრუქტურული ჩარევის საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში დეპუტატ ანტონ ობოლაშვილის კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სპეციალისტების ასეთი მოსაზრებიდან გამომდინარე, პროექტზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საკითხის სიღრმისეული კვლევა.
რაც შეეხება ლიკანის რომანოვების სასახლეს, პრემიერის თქმით, ეს საკითხი განხილული უნდა იყოს კომპლექსურად სასტუმრო ინფრასტრუქტურასთან ერთად.
„სასტუმრო ინფრასტრუქტურაც საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაციას და შეგვიძლია, გავცეთ დაპირება, რომ ვიმუშავებთ კომპლექსურად, როგორც სასტუმროს განახლების საკითხზე, ასევე ამასთან ერთად ლიკანის სასახლის განახლების საკითხზე და მალევე მივიღებთ გადაწყვეტილებას. თქვენი ჩართულობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რაც შეეხება რაბათის ციხის რეაბილიტაციას, ბატონ რეზი სოხაძესთან გვქონდა საუბარი და დავიწყებთ მუშაობას და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფ ვადებში განვახორციელოთ რეაბილიტაციის პროექტი. რაც შეეხება ადიგენის კულტურის სახლს, აქაც მულტიფუნქციური მიდგომით გვინდა წავიდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ადიგენი არის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ასეთი ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არის უზრუნველყოფილი, მათ შორის კულტურის სახლიც პრაქტიკულად არ არსებობს, ადიგენი იქნება ერთ-ერთ პრიორიტეტი. დღეს კონკრეტული ვადის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ უახლოეს მომავალში, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც მთელს ქვეყანას მოიცავს და იქ იქნება ასახული პრიორიტეტები ვადების გათვალისწინებით. იგივე ეხება ასპინძის სტადიონსაც, ესეც ერთიანი გეგმის ნაწილი იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.