ჯამბულატ მელაძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობას შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ვახტანგ ბერიძესთან ერთად, საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას, ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მერის მოვალეობის შემსრულებელი ადგილზე გაეცნო იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რაც ადგილობრივებს აწუხებთ ზაფხულის სეზონზე იალაღებში ცხოვრების პერიოდში. ჯამბულატ მელაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მუშაობს პრობლემების გადაჭრის გზებზე, რათა ამ სეზონზეც და მომავალშიც იალაღებში მყოფ მოსახლეობას ცხოვრების კარგი პირობები ჰქონდეთ.
,,ჯამბულატ მელაძემ მოსახლეობას ასევე იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც საზაფხულო იალაღებზე მიმდინარე წელს განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ბეშუმის მიმდებარე საზაფხულო იალაღებზე, ბოძაურის, საკამბეჩოს, ლოდიძირის, შქრენალის იალაღებზე და სარიჩაირის, თეთრობის, დიდაჭარისა და ვაშლოვანის მთებში განხორციელდება ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობის სამუშაოები.
მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება – უშუალო კომუნიკაცია მოქალაქეებთან”,- წერია ინფორმაციაში.