მაია ბითაძე ოპოზიციაზე: ისინი ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან, იმიტომ, რომ უკვე კომიკურად არის გადაქცეული მათი საქმიანობა ქვეყნის შიგნით, ასევე კომიკურია დედაქალაქ-დედაქალაქ წოწიალი
ისინი ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან იმიტომ, რომ უკვე კომიკურად არის გადაქცეული მათი საქმიანობა ქვეყნის შიგნით, ასევე კომიკურია დედაქალაქ-დედაქალაქ წოწიალი, რომელსაც ასე ძალიან შეეჩვივნენ, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი Live“ ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური ალიანსი არის ჩაკეტილი წრე, რომლის გაცოცხლებაზეც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთი და იგივე ადამიანები მუშაობენ, რომლებიც არც ცდილობენ გაერკვნენ რეალობაში.
„არ სურთ გაერკვნენ რა სურს საქართველოს მოსახლეობას და რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას იმ რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც ხან გადაინომრება, ხან სახელს გადაირქმევს და ხან გაერთიანდება. მათ ვერ გაიგეს, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ ადამიანებს იცნობს და ვიცით რა შეუძლიათ მათ, როგორ ავნონ საკუთარ ქვეყანას და გამოიყენონ ნებისმიერი საკითხი საკუთარი მავნებლური ინტერესების გასატარებლად, რომელსაც შედეგი აღარ აქვს. შესაბამისად, აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს რადიკალები გაერთიანდებიან თუ არა, ჩვენ მათ ვიცნობთ 30 წელია, ხელისუფლებაშიც გვინახავს და ზუსტად ვიცით რა მავნებლობა შეიძლება მოუტანონ საქართველოს, მათ შორის სულ რომ არაფერი ვთქვათ 2008 წლის ომზე და იმ მმართველობაზე, რომლის დროსაც ძალიან დააზიანეს ჩვენი სახელმწიფო. ახლა გაერთიანდნენ იგივე ადამიანები, რომლებიც აქციებზე და სანქციებზე გვესაუბრებიან და უხარიათ თუ რომელიმე ევრობიუროკრატი თითს დაგვიქნევს, რაზეც საქართველოს მოსახლეობას რეაქცია აღარ აქვს. უხარიათ, რომ სადღაც, რომელიღაც სახელმწიფო თავისუფალ მედიას ასანქცირებს მათ ქვეყანაში. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობასთან იქონიონ ურთიერთობა, კმაყოფილდებიან იმ აქციებით, რომელიც აღარავის ახსოვს და ასევე ბედნიერები არიან, რომ ჩავლენ რომელიღაც სახელმწიფოში, ისევ აპირებენ დედაქალაქ-დედალაქალ სიარულს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.