პაატა სალია: საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა ეტაპობრივად ვითარდება და სრულად შესაბამისობაში მოდის თანამედროვე სტანდარტებთან, რაც მიუთითებს სისტემაში მიღწეულ პროგრესზე

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ „ღამის კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) 2026 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სადღეღამისო სამედიცინო მომსახურება და უზრუნველყოფილნი არიან პირველად დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობით. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა ეტაპობრივად ვითარდება და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს ძველი ტიპის ინფრასტრუქტურა და სასჯელაღსრულების დაწესებულებები, რაც ართულებს სანიტარიული ნორმების დაცვას, თუმცა, იქაც, ისევე როგორც ახალი ტიპის დაწესებულებებში, სტანდარტი არის დაცული.

„პენიტენციურ სისტემაში ფუნქციონირებს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო პენიტენციური დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკას და მკურნალობას როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში. დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სტანდარტებს, სამოქალაქო კლინიკებში მკურნალობა კი, ევროპული ქვეყნების პრაქტიკის ანალოგიურია. თითოეულ ბრალდებულსა და მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება მიეწოდება 24-საათიან რეჟიმში, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო სტანდარტების სრული დაცვით, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოების იდენტურად. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა შეუძლებელია შესაბამისი დაწესებულების სამედიცინო პუნქტში, მომსახურება მიეწოდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის კლინიკებში. დღეს სისტემაში დასაქმებული 500-მდე სამედიცინო პერსონალი პენიტენციურ დაწესებულებებში 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ შესაბამის მომსახურებას. ასევე, ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ მოვიზიდოთ პენიტენციურ დაწესებულებაში მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი, რათა უკეთესად შევძლოთ მომსახურება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა ჰიგიენური პირობების შესახებაც. მისი თქმით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შესაბამის კომპანიასთან, რომელიც წელიწადში არანაკლებ ორჯერ ატარებს სავალდებულო სადეზინფექციო სამუშაოებს. საჭიროების შემთხვევაში, მსგავსი სამუშაოები ტარდება დამატებითაც, არაგეგმურად.

„განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანიტარიულ და ჰიგიენურ პირობებსაც. თითოეულ დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალი მუდმივად ახორციელებს ზედამხედველობას სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვაზე. სისტემა  გამართულად ფუნქციონირებს და ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის პრობლემა. სახელმწიფო ქმნის ყველა საჭირო პირობას, მაგრამ პირადი ჰიგიენის დაცვა თავად ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების პასუხისმგებლობაც არის. ამ მხრივ გარკვეული სამუშაოები უნდა ჩავატაროთ, რათა ავამაღლოთ კულტურა, რომ მსჯავრდებულებმა საკნებში დაიცვან სისუფთავე“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები