იუსტიციის მინისტრი: ეს წელი იყო წინა პერიოდში დაწყებული რეფორმების დასრულების და ახალი მნიშვნელოვანი ინოვაციების დაგეგმვის წელი

პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის ერთი წლის შედეგები შეაჯამა. იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რასაც საქართველომ მიაღწია საჯარო სერვისების მოდერნიზაციის მიმართულებით.

მისი თქმით, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი წარმატებით დასრულდა და დღეს, პრაქტიკულად, ყველა აქტიური ბიზნესსუბიექტი რეგისტრირებულია.

„რეგისტრირებული იყო 270.000-ზე მეტი კომპანია. მათი დიდი უმრავლესობა უმოქმედო კომპანიები იყო და ეს გარკვეულ ქაოსს წარმოქმნიდა რეგისტრაციის პროცესში. დღეს 80.000 ბიზნესსუბიექტია რეგისტრირებული. თუ 2025 წელს ყოველდღიურად ჩვენ, საშუალოდ, 9 რეგისტრაციას ვახორციელებდით მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში დღეში 1700-მდე რეგისტრაციის განხორციელება გვიწევდა, რაც იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის თანამშრომლების 24-საათიან მუშაობას ითხოვდა. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ ისაუბრა, აგრეთვე, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მოქალაქეებისათვის მომსახურების მიღების პროცესის გამარტივებაზე. მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სახლებმა, ფაქტობრივად, უკვე მთელი საქართველო მოიცვა:

„რამდენიმე ტერიტორიული ერთეულია, სადაც ვგეგმავთ ფილიალების დამატებას. მშენებლობები მიმდინარეობს მცხეთაში, ზოტში, ახმეტასა და ჭალაში, ერთი იუსტიციის სახლის მშენებლობას ვიწყებთ წალენჯიხაში. ამით, ფაქტობრივად, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გვექნება იუსტიციის სახლი. ვგეგმავთ სერვისების რაოდენობის გაზრდასაც. დღეისათვის ფილიალები 500-მდე მომსახურებას გასცემს, თუმცა, ვმუშაობთ შემოსავლების სამსახურის სერვისების დამატებაზე, რის შემდეგაც, დაახლოებით, 1000 სერვისი იქნება ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლებში“, – აღნიშნა სალიამ.

რაც შეეხება უწყების სამომავლო გეგმებს, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უძრავი ქონების ტოკენიზაციის პროცესს, რაც მის გაციფრულებას და გაყიდვის გამარტივებას გულისხმობს. პაატა სალიას თქმით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს უცხოური კაპიტალის მოზიდვას ქვეყანაში და უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები