პაატა სალია: საქართველო უმასპინძლებს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნის დამსახურების კიდევ ერთი აღიარებაა საჯარო სერვისების მიმართულებით

„საქართველო უმასპინძლებს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნის დამსახურების კიდევ ერთი აღიარებაა საჯარო სერვისების მიმართულებით“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელთა საფუძველზეც საქართველო წელს გლობალური მასშტაბის ღონისძიების მასპინძლად შეირჩა.

პაატა სალიას თქმით, საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის სახელი დაიმკვიდრა, რაც საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდითა და ციფრული ტრანსფორმაციით არის განპირობებული.

„მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის სახელი დაიმკვიდრა. სწორედ ამის საფუძველზე, წელს საქართველოში გაიმართება გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმი, სადაც 500-მდე  საერთაშორისო დელეგატი მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა მინისტრმა.

პაატა სალიას თქმით, საქართველო შემთხვევით არ შერჩეულა მასპინძელ სახელმწიფოდ: „გათვალისწინებულ იქნა ქვეყნის  მიღწევები და გაერო-მ სწორედ ჩვენ შემოგვთავაზა, რომ წელს ჩაგვეტარებინა როგორც ეს ღონისძიება, ისე ამ სფეროში წარმატებული ორგანიზაციების დაჯილდოება. ეს გამორჩეული მოვლენაა და მოველით, რომ საქართველო მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში იქნება“.

მინისტრის თქმით, ფორუმზე იქნება საუბარი იმ თანამედროვე და უახლეს ცვლილებებზე, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაცია, რასაც ამ ღონისძიებაზე არაერთი ვორქშოფი მიეძღვნება. აქ წარმოდგენილნი იქნებიან მოწინავე ქვეყნები – ისინი, ვინც ამ სფეროს პიონერები არიან, და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი გამოცდილების გაზიარება. მსგავსი ფორუმები სწორედ ის ადგილია, სადაც ხდება ურთიერთობების ჩამოყალიბება, გაღრმავება, ახალი პარტნიორების შეძენა და გამოცდილების გაცვლა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები