პენიტენციურ დაწესებულებებში კვებითი მომსახურება პირველად დაიყოფა ტერიტორიული პრინციპით

„დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში კვების სერვისი განხორციელდება ცალ-ცალკე“, – ამ ახალი მიდგომის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ გაავრცელა.

„კვებასთან დაკავშირებით, დიახ, გვქონდა გარკვეული პრობლემები. მას შემდეგ, რაც მე ჩავიბარე იუსტიციის მინისტრის პოსტი, პირველი გამოწვევა, რაც შემხვდა, იყო სწორედ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები პენიტენციურ დაწესებულებებში.  კონკრეტული კომპანია, რომელიც გამოვლინდა 3 წლის წინ გამარჯვებულად ტენდერში, გარკვეული პერიოდის შემდგომ მან დაიწყო სისტემატურად არსებული ხელშეკრულების დარღვევა… 2025 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ ბაზრის კვლევა, რათა ბაზარზე მოგვეძიებინა ისეთი კომპანიები, რომლებიც შეძლებდნენ კვალიფიციურად და მაღალი ხარისხით მომსახურების გაწევას…  2026 წლის 11 მარტს ჩვენ შევწყვიტეთ მიმდინარე ხელშეკრულება კომპანიასთან და დროებით გადაუდებელი ხელშეკრულება დავდეთ ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც აკმაყოფილებს პირობებს, და უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: ჩვენ ორ ნაწილად გავყავით – დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში არსებული პენიტენციურ დაწესებულებებში სერვისი განხორციელდება  ცალ-ცალკე. იმედი გვაქვს, რომ ორი სხვადასხვა კომპანია გაიმარჯვებს. ეს შექმნის უფრო კონკურენტულ გარემოს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თუ წარმოიქმნება რაიმე სახის კრიზისული ვითარება, უფრო მარტივად ვმართოთ ასეთი სიტუაციები… ტენდერი ყველასთვის ღიაა, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მიიღოს მონაწილეობა და სულ მალე გვეცოდინება ტენდერში გამარჯვებული კომპანიების სახელები და იმედი გვაქვს, რომ უკვე მსგავსი ტიპის დარღვევები აღარ იქნება… ბიუჯეტშიც მნიშვნელოვანი ცვლილება გვაქვს – ფაქტობრივად, ორჯერ გაიზარდა ერთ პატიმარზე განკუთვნილი თანხა და, შესაბამისად, ამ მიმართულებითაც, ვფიქრობთ, რომ ხარისხიც უკეთესი იქნება“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები