ირაკლი კობახიძე – თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დაიწყება
ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ სექტემბერში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება 70 000-იან მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას.
„ვმუშაობთ ახალი სტადიონის პროექტზე, რომელიც დაანონსდა გასულ წელს. ეს იქნება ახალი, 70 000-იან მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას. ეს იქნება ასევე გათვლილი ფეხბურთზე და რაგბიზე. გარდა ამისა, ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვა ფუნქციებითაც იქნება დატვირთული. მათ შორის ქვეყანას არ აქვს ე.წ. საგამოფენო-საკონფერენციო ცენტრი, და სტადიონი ამ ფუნქციასაც აიღებს თავის თავზე. მულტიფუნქციური იქნება თავისი დატვირთვით ეს ინფრასტრუქტურა. უკვე მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბერში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მანამდე საზოგადოებას წარვუდგენთ პროექტს და საზოგადოების მხრიდან მოწონების შემდეგ შევუდგებით შესაბამის სამშენებლო სამუშაოებს”, – განაცხადა პრემიერმა.