რუსთავის ცენტრალურ პარკში, მწვანე საფარისა და ხე-მცენარეების დამუშავება სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განხორციელდა
რუსთავში, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო და რუსთავის მერია, ხე-მცენარეების დაავადებებისგან დასაცავ და მწერების საწინააღმდეგო ერთობლივ პრევენციულ ღონისძიებას ატარებენ. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
რუსთავის ცენტრალურ პარკში, მწვანე საფარისა და ხე-მცენარეების დამუშავება სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, დილის 5 საათიდან დაიწყო.
რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე აცხადებს, რომ მსგავსი პრევენციული ღონისძიებები საჭიროებისამებრ ქალაქის სხვა ადგილებშიც გატარდება.
,,საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ხე-მცენარეების დაავადებების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მწერების გავრცელების საწინააღმდეგოდ, დღეს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დავიწყეთ. სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ პარკში დილის 5 საათიდან მიმდინარეობს. პარკის ტერიტორია რუსთაველების შეკრების ერთ-ერთ მასშტაბურ ადგილს წარმოადგენს. მსგავსი პრევენციული ღონისძიებები საჭიროებისამებრ ქალაქის სხვა ადგილებშიც გატარდება”, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ, ბესიკ ტოგონიძემ.
ცენტრალური პარკის ტერიტორიის დამუშავების პროცესში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის და ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებიც იყვნენ ჩართული.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორის მოადგილე ქეთი რაზმაძე ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად.
,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული. ხე-მცენარეებისა და გარემოს დამუშავება ხდება კოღოებისა და მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად. დეზინფექცია ხდება იმ ტერიტორიების, განსაკუთრებით კი წყალსატევების, სადაც მწერებისა და კოღოების გავრცელების მაღალი ალბათობაა”, – განაცხადა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორის მოადგილე ქეთი რაზმაძემ.
რუსთავის ცენტრალური პარკის მსგავსად, ქალაქის სხვა უბნები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც დამუშავდება. პირველ რიგში კი პრევენციული სამუშაოები განხორციელდა ქალაქის ცენტრალური პარკში, სადაც რამდენიმე დღეში, მუსიკალური ფესტივალი ,,ოქსიგენი” ჩატარდება.