მაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ ახსენა თინა ბოკუჩავამ, სხვებიც ახსენებენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არის ერთ-ერთი, რასაც ისინი მოელიან, რომ გამოყენებული იქნება საქართველოს წინააღმდეგ და არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ვინაიდან ამ სიკეთით საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის
უვიზო მიმოსვლა არის მართლაც დიდი მონაპოვარი, რომლითაც არ შეიძლება, არ ვიამაყოთ, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ 2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში – ის ორი ფაზა, რომელიც გაიარა საქართველომ და გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონოდა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, საქართველოს მოქალაქეებს ესარგებლათ ამ სიკეთით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის არ მოცემის შემდეგ ეგონათ, რომ ეს გახდებოდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლისა და რევოლუციის საფუძველი, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის საკითხიც სწორედ ასეთად ჩაითვალოს.
მისივე განცხადებით, ეს ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ რეზერვშია და ბოლო დროს ოპოზიციონერებიც გააქტიურდნენ, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ მოელიან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
„რეალურად, საჭირო იყო თემა, რომელიც გავლენას მოახდენდა არჩევნებზე. ერთ-ერთი ეს თემა იყო მოაზრებული, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა არჩევნებზე. რეალურად, მოახდენს გავლენას თუ არ მოახდენს, მეორე საკითხია, ასევე ეგონათ, კანდიდატის სტატუსის არ მოცემით ამოყირავდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, აქ შეიცვლებოდა ხელისუფლება და იქნებოდა რევოლუციის საფუძველი. ასევე შეიძლება ეგონოთ და ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ, რაღაცნაირად, არის რეზერვში და ვხედავთ, რომ გააქტიურდნენ, არაერთხელ ახსენა ეს თინა ბოკუჩავამ, სხვებიც ახსენებენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არის ერთ-ერთი, რასაც ისინი მოელიან, რომ გამოყენებული იქნება საქართველოს წინააღმდეგ და არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ – ამ სიკეთით საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის.” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.