“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი ქრისტინე ქარდავა – ზაზა გოროზია შეგვპირდა, რომ შეგვახვედრებდა პრეზიდენტს და ეს ინფორმაცია გამოგვაპარეს, გაბრაზებულები წავედით სამმართველოში, იქ გამოგვივარდა ვიღაც თანამშრომელი, არ მოეწონა ჩვენი ხმაური და მითხრა, გაჩუმდი, თორემ ორ წუთში გაგაქრობთო
ზაზა გოროზია შეგვპირდა, რომ შეგვახვედრებდა პრეზიდენტს, რაღაც მუზეუმში იყო შეხვედრა და ეს ინფორმაცია გამოგვაპარეს. მერე ჩვენი წყაროებით გავიგეთ, რომ დღეს სააკაშვილი მოდის და იქნებ, მოახერხოთ მასთან შეხვედრაო. რა თქმა უნდა, რომ მივედით, იქ არავინ მიგვიშვა, ისე წავიდა სააკაშვილი, რომ იმ ტერიტორიას არ გაგვაკარეს და პროტესტი მქონდა ამის გამო, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილმა, ქრისტინე ქარდავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ქრისტინე ქარდავას თქმით, ზაზა გოროზია მას დასაქმებასაც ჰპირდებოდა, თუმცა, ამ ინციდენტის შემდეგ, სამეგრელოს გუბერნატორმა განაცხადა, რომ ასეთ ადამიანს არ დაასაქმებდა. მისივე განცხადებით, პოლიციის სამმართველოსთან მისულ პაატა ქარდავას ოჯახს, ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, თუ არ გაჩუმდებოდნენ, მათ “ორ წუთში გააქრობდა”.
“ადამიანი, რომელიც სამსახურს მპირდებოდა, შენ, პაატას შვილს, აუცილებლად დაგასაქმებთ, არ დაგტოვებთ ოჯახს უყურადღებოდ, შემპირდა [სააკაშვილთან შეხვედრას] და პროტესტი მქონდა, მივმართე, თქვენ ხომ შემპირდით, პრეზიდენტს შემახვედრებდით-თქო. თან მომქონდა მამას ფოტოები, რომ გადამეცა, წერილიც მქონდა დაწერილი – მოხდა ისე, რომ ვერ შეგახვედრეთო. ამ განერვიულების და მოლოდინის ფონზე, ცოტა ხმამაღალი გამომივიდა [გოროზიასთან] საუბარი და მერე უთქვამს, ასე აქციებით რომ მემუქრება, ისეთ ადამიანს და ოჯახს, ჩემთან არ დავასაქმებო. რა თქმა უნდა, იმ მომენტში ჩემი დასაქმება, ჩემთვის ბოლო ადგილას იყო. აქედან გაბრაზებულები წავედით სამმართველოში და მოვითხოვეთ უფროსთან შეხვედრა. გამოგვივარდა იქ ვიღაც თანამშრომელი, რომელიც, სამწუხაროდ ვერ გავიგე ვინ იყო, მას არ მოეწონა ჩვენი ხმაური, ჩვენი პროტესტი, როგორ დაგვტოვეთ გარეთ და როგორ არ შეგვახვედრეთ პრეზიდენტს-მეთქი და მან მითხრა ასეთი რამე: ახლა გაჩუმდი, თორემ ორ წუთში გაგაქრობთო. დედაჩემი ტიროდა და გვთხოვა ორივეს, მეც და ბექას [პაატა ქარდავას ვაჟი], დამშვიდდით, არ მიღირს იმად, რომ თქვენც რამე მოგივიდეთ და გამოვბრუნდით, წამოვედით სახლში. ასეთ ოთხ წელიწადში [2008-2012წ.] გვიწევდა ჩვენ ბრძოლა.” – განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.