„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი იმჟამინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეზე: წარმოიდგინეთ მე მივდიოდი და ვთხოვდი დახმარებას და ბოლოს ვიგებ, რომ ეს ადამიანი იჯდა კატერზე და უყურებდა, როგორ მოკლა რომან შამათავამ სადისტურად მამაჩემი, გამოაბა ბეტონის ფილა და გადააგდო ზღვაში

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც პაატა ქარდავას სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება, მის შვილს, ქრისტინე ქარდავას უსმენენ.

როგორც ქრისტინე ქარდავამ აღნიშნა, მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, რომელსაც დახმარებას სთხოვდა მამის პოვნაში, თავად იჯდა კატერზე და უყურებდა, როგორ მოკლა რომან შამათავამ სადისტურად პაატა ქარდავა, გამოაბა ბეტონის ფილა და გადააგდო ზღვაში.

„ჩვენ ვაწყობდით აქციებს, ვაწუხებდით სამხარეოს, სამმართველოს, გუბერნიას, რომ რაღაცა ელემენტარული მიმართულება მოეცათ ჩვენთვის, რაღაცა საქმის კურსში ჩავეყენებინეთ. მამას სამსახურებრივ და პირად ნომრებზე ვრეკავდი ყოველდღე და ერთ მშვენიერ დღეს 12 თუ 14 სექტემბერს მამას ტელეფონი ჩაირთო. SMS მომდის, რომ ნომერი რომელსაც თქვენ უკავშირდებოდით ხელმისაწვდომია და აქ ისევ იმედი ჩაგვესახა, რომ ვიღაცა რაღაცას ითხოვს, გამოსასყიდს ან რაღაცას. ვწერდით ყველა ენაზე, ქართულად, მეგრულად, რუსულად, ინგლისურად, რომ გთხოვთ ოღონდ რამე მოითხოვეთ, ოღონდ რამე გაგვაგებინეთ, რომ ეს ადამიანი ცოცხალია და ეგრევე შევატყობინეთ პოლიციას, რომ ტელეფონი ჩაირთო. მათ გვითხრეს, რომ დარეკეს თავდაცვის სამინისტროში, მოსმენაზე აყვანილია ეს ტელეფონი, გვირეკავდნენ, რომ ახლა დარეკეთ, ახლა არ დარეკოთ, ახლა მისწერეთ, ახლა არ მისწეროთ და ბოლოს გვითხრეს, რომ ახლა დარეკეთ და მორჩა. მეორე დღეს გვითხრეს, რომ ანძამ დააფიქსირა, რომ გალში იყო ფიქსირებული ეს ტელეფონი და სამწუხაროდ, როცა უკვე მთავრობა შეიცვალა, გამოძიების კვალს დავადექით, გავიგეთ ყველაფერი, ვკითხულობ ერთ-ერთ ჩვენებაში, რომ პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს ჰქონდა მამას ყველა ტელეფონი შედებული კაბინეტში თავის უჯრაში და რაღაცის გამოტანის დროს შემთხვევით მოუხვდა ტელეფონზე ხელი და ჩართო. ამით იმის თქმა მინდა, რომ მაშინ ჩვენ ვერანაირ სამართალს და ვერანაირ გამოძიების გზაზე ვერ დავდგებოდით, წარმოიდგინეთ მე იმ პიროვნებასთან მივდიოდი და ვთხოვდი დახმარებას, ვთხოვდი, რომ რაღაცა ინფორმაცია ჩვენამდე მოეტანა, რაღაცა გზაზე დავეყენებინეთ და ბოლოს ვიგებ, რომ ეს ადამიანი იჯდა კატერზე და უყურებდა, როგორ მოკლა რომან შამათავამ სადისტურად მამაჩემი, გამოაბა ბეტონის ფილა და გადააგდო ზღვაში“, – განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები