ნინო ლაცაბიძე – რუსთავის მერია და მოსახლეობა, გამწვანების ერთობლივ აქციებს ვაწყობთ, რაც კარგი მაგალითია, თუ როგორ შეგვიძლია ერთად, უბან-უბან გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი
რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე, ახალ შიდასაუბნო სივრცეში, მოსახლეობამ და რუსთავის მერიამ, გამწვანების ერთობლივი აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოსახლეობასთან ერთად, სკვერის გამწვანებაში მონაწილეობა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია ,, ქართული ოცნების” წევრებმა და ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებმა მიიღეს.
,,რუსთავში ცენტრალური ქუჩების პარალელურად, ვაგრძელებთ შიდასაუბნო სივრცეების მოწყობას. ეს ეზო გამორჩეულია იმით, რომ სამეზობლო იყო აქტიურად ჩართული სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მათი მოთხოვნა იყო, მოძველებული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სივრცით შეცვლილიყო. ამ რეკრეაციული სივრცის მოწყობა, ერთობლივად დავასრულეთ გამწვანების აქციით. მაჩაბლის ქუჩის მწვანე სივრცე კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეგვიძლია მოქალაქეთა ჩართულობით, ეზო-ეზო და უბან-უბან, შევცვალოთ და გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
მაჩაბლის N6-ში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოწყობილ სივრცეში, დასასვენებელი სივრცე, ფანჩატურები და დეკორატიული ფილები მოეწყო, გაკეთდა ახალი გარე განათება, დაირგო რამდენიმე ათეული ხე-მცენარე.