2025 წელს აჭარაში 30 საჯარო სკოლის მშენებლობა და 70 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. სულხან თამაზაშვილმა განათლების მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტია თანამედროვეობის მოთხოვნებზე მორგებული განათლების სისტემის შექმნა.
,,ქვეყნის განვითარებისა და სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია განათლება და მომავალ თაობაზე ზრუნვა. მთავრობის ძირითადი მიმართულებაა ინკლუზიური, ხარისხიანი და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული განათლების სისტემის უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობის გაზრდა“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
რეგიონში გრძელდება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება. 2025 წელს დაგეგმილია 30 საჯარო სკოლის მშენებლობა და 70 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის მოწყობა; ინკლუზიური, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელება.
განათლების ხელშეწყობის პარალელურად, აჭარის მთავრობა აქტიურად არის ჩართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. რეგიონში სპორტის დაფინანსებამ 18 მილიონ ლარს გადააჭარბა. მიმდინარე წელს, გაიზარდა სპორტული ფედერაციების ყოველწლიური დაფინანსება. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას – როგორც არსებული სპორტული კომპლექსების რეაბილიტაციას, ასევე ახალი კომპლექსების, საფეხბურთო და რაგბის სტადიონების მშენებლობას.