მერაბ ჭიქაშვილი: სააკაშვილი მკურნალობას კი არ უნდა გადიოდეს, ის ციხიდან უნდა იხდიდეს ფულს და უყურებდეს, როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები, რომლებმაც მისი ციხე გაიარეს – რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი, რომ გადაწყვიტონ, დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს?

რაც შეეხება პირადად ჩემთან მოპყრობას, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ერთი მუხლი არის არაადამიანური მოპყრობა, წამების პირობებში ყოფნა. ერთ კითხვას დავსვამ, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს ეხება, რომლის მიმართ, არანაირი ემპათია არ მაქვს, არც მექნება და ამაში ალბათ ვერავინ გამამტყუნებს, – ამის შესახებ, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, მერაბ ჭიქაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება.

მან გაიხსენა ციხეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და აღნიშნა, რომ სამი დღე საკანში წყალი არ მიეწოდებოდა.

როგორც ჭიქაშვილი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უნდა იყოს და იქიდან უნდა უხდიდეს მკურნალობის ფულს იმ პატიმრებს, რომლებსაც მისი მმართველობის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა მოუწიათ.

„როდესაც შიმშილობა დავიწყეთ, მარტო არ გამაჩერეს საკანში და სპეციალურად შემომიყვანეს პატიმრები, რომ მათთან დაპირისპირება მომსვლოდა, ეს ბიჭები ღირსეული ადამიანები აღმოჩნდნენ და არ მომსვლია მათთან კონფლიქტი, მაგრამ სპეციალურად შემოიყვანეს, მე მათი ჭამის სცენა რომ მენახა.

მიხეილ სააკაშვილი ხომ ის მიშა სააკაშვილია, რომელმაც თანამედროვე საქართველო ააშენა, რომელმაც გზები, დენი, წყალი მოგვცა ჩვენ, მთელ საქართველოს – კითხვა მიჩნდება, სააკაშვილის ციხეში წყალი სამი დღით რატომ უნდა შემწყდარიყო? მიზანი იყო ერთი – მე შიმშილობა შემეწყვიტა და მეორე – წამების ტოლფასი პირობები იყო, საკუთარ ფეკალიებში რომ გვაცხოვრებდნენ მე და დანარჩენ პატიმრებს. არანაირი ფანჯარა, არანაირი გასეირნება, კოვზი არ მქონდა – ვთქვათ, არ ვშიმშილობდი, გაძლევდნენ ოთხ კაცზე ერთ ულუფა ლობიოს და კოვზი არ არის, ხელით უნდა ჭამო. მე ვშიმშილობდი, არ ვჭამდი, მაგრამ, სხვები ხომ ასე ჭამდნენ?! ეს არის მისი ციხე? დღეს ის როგორც იქ ზის, სადაც ზის, როგორც იქ იხდის სასჯელს, ის დანარჩენი პატიმრები, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი, ან ზოგი აღიარებს დანაშაულს და სასჯელს დღესაც იხდის, ეს პირობები თანაბარია? ის მკურნალობას გადის და მკურანლობას კი არ უნდა გადიოდეს იქ, იქ უნდა მკურნალობდეს ქალბატონი მაკო რატიანის მეუღლე, რომელიც აქ ჰყვებოდა იმას, რასაც ჰყვებოდა და ის ციხიდან უნდა იხდიდეს ამ ფულს, იქ უნდა მკურნალობდეს ბექაური, რომელიც დღემდე რა დღეშია და სხვა დანარჩენი პატიმრები – ის უნდა იხდიდეს დედამისთან ერთად იმ ციხიდან, იქ კი არ უნდა იჯდეს და უნდა უყურებდეს, როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები, რომლებმაც ეს გაიარეს და რამდენი რამ ვერ თქვეს, რამდენ რამეს ვერ ვამბობთ. რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი, რომ გადაწყვიტონ, დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს?“ – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები