ზურაბ აბაშიძე “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს ოპოზიციის აქციებზე: თუ ვინმე იყო რადიკალურად განწყობილი, თავში აზრად არავის მოსვლია, რომ სადმე შევარდნილიყო, შენობა დაეწვა, ან გაენადგურებინა რომელიმე სახელმწიფო შენობა, მათ შორის, პარლამენტი – ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა ჩვენი აქციების დროს
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს ოპოზიციაში იმყოფებოდა, იმდროინდელ საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.
აბაშიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის დროს ოპოზიციაში მყოფ რადიკალურად განწყობილ პირებსაც კი არ მოსვლიათ თავში აზრად სადმე შევარდნა და სახელმწიფო შენობების გადაწვა.
“როდესაც ჩვენ შევქმენით პარტია [ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები”], ამ პერიოდში, ჩვენი მთავარი მოკავშირეები გახდნენ პოლიტიკური ძალები – “ახალი მემარჯვენეები” და “რესპუბლიკური პარტია”, რომლებიც ასევე არ იყვნენ მომხრეები ქუჩის აქციების და გარკვეულწილად რადიკალიზაციის, მაგრამ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ თუ ვინმე იყო რადიკალურად განწყობილი, არავის თავში აზრად არ მოსვლია, რომ სადმე შევარდნილიყო, ან შენობა დაეწვა, ან გაენადგურებინა რომელიმე სახელმწიფო შენობა, მათ შორის – პარლამენტი. ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა ჩვენი აქციების დროს – ეს იყო განსხვავება. იყვნენ მომხრეები, რომლებსაც უნდოდათ, მეტად ყოფილიყვნენ ქუჩაში, იმიტომ, რომ ქუჩიდან უფრო რეალურს ხედავდა პოლიტიკურ პროცესს და ქუჩის არსებობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი ამ პროცესის, ბუნებრივია. მაგრამ, ჩვენ გვქონდა განსხვავებული [მიდგომა], რომ რაღაცები არ უნდა გამოგვერიცხა და არ უნდა ვყოფილიყავით მარტო ქუჩაში.” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.