“დროებითი საგამოძიებო კომისია მოისმენს ყველა იმ პირის ინფორმაციას, რომელიც იყო მსხვერპლი ამ სისხლიანი დარბევის” – გიორგი ჩაკვეტაძე
“დროებითი საგამოძიებო კომისია მოისმენს ყველა იმ პირის ინფორმაციას, რომელიც იყო მსხვერპლი ამ სისხლიანი დარბევის. ყველაფერი იყო, აქციის დაშლის გარდა”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს.
ის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელი სხდომის განსახილველ თემას ეხმაურება, რაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევა და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს მოიცავს.
“როდესაც რეჟიმის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებებით გამოდიოდნენ, ამბობდნენ, თითქოს ეს იყო პროპორციული ძალა, რომელიც გამოიყენეს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, რაც იყო სრული სიცრუე, რაც დაადასტურა, მათ შორის, ევროპულმა სასამართლომ.
ჩვენ არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც გვქონდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ემსჯელა დროებით საგამოძიებო კომისიას”, – განმარტავს ჩაკვეტაძე.
კომისიის წევრების წინაშე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – ზურაბ აბაშიძე, ასევე, დაჩი ცაგურია და მერაბ ჭიქაშვილი წარდგებიან.
საუბარია, 16 წლის წინ თბილისის მთავარი სამმართველოს წინ განვითარებულ მოვლენებზე.