პროექტი „გამომყევი აჭარაში“ კონტენტ კრეატორებს რეგიონში სამოგზაუროდ წელსაც იწვევს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ იწყება.
მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს წელსაც მოუწოდებს რეგიონში იმოგზაურონ.
,,კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 16 ივნისიდან იწყება. 1 ივლისიდან კი მონაწილეებს საშუალება ექნებათ აგვისტოს ბოლომდე აჭარაში იმოგზაურონ, საინტერესო კონტენტი შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და კამპანიის მთავარი პრიზები მოიგონ. წელს, კამპანიის საპრიზო ფონდი გაიზარდა და მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალება ეძლევათ.
კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023-ში კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.
პროექტი „გამომყევი აჭარაში“ თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს ჩაერთოს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული. პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე followajara.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მოუწევს „სამოგზაურო პაკეტი“, რომელშიც წინასწარაა განსაზღვრული აჭარაში მონაწილის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები.
აუცილებელია, უკვე რეგისტრირებულმა მონაწილეებმა კამპანიის პერიოდში იმოგზაურონ აჭარაში, მოინახულონ “სამოგზაურო პაკეტში” მითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე შექმნან აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, შიდა ტურისტების მასტიმულირებელი კონტენტი და განათავსონ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში. კამპანიის მთავარი პრიზი წელს 150, 000 ლარი იქნება. მის მოსაგებად აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებით და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (Reach), რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 20 მილიონ წვდომას.
გარდა მთავარი პრიზისა, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული ინფლუენსერი, ფულადი საჩუქრები და პრიზები იქნება გათვალისწინებული, პირველ სამეულში მოხვედრილი ინფლუენსერებისთვის. კამპანიის წესებისა და პირობების გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე followajara.ge“,- წერია ინფორმაციაში.