მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი უზრუნველყოფდეს საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და აგრესიული რუსეთის მოქმედებების განსაპირობებლად წითელი ნაჭერი არ იყოს აფრიალებული – ვოლსკი
„გუშინდელი განცხადება ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიტიურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, ნატო-ს თავისი სტრატეგიული ინტერესები გააჩნია და დღესდღეობით, ეს სტრატეგიული ინტერესები მნიშვნელოვანწილად არის გამოხატული იმ საომარ დაპირისპირებაში, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს.
მისივე თქმით, ნატო-სთან ურთიერთობის ფორმა არის მნიშვნელოვანი, რომელზედაც ჩვენს ქვეყანას არასოდეს უთქვამს უარი.
ამასთან, როგორც ვოლსკი აცხადებს, “ჩვენ ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრულ საგარეო მიმართულებას არ ვცვლით“.
„მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი უზრუნველყოფდეს საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და აგრესიული რუსეთის მოქმედებების განსაპირობებლად წითელი ნაჭერი არ იყოს აფრიალებული. ჩვენთვის ნატო-სთან ურთიერთობას საგანგებო მნიშვნელობა აქვს და არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველაზე, მათ შორის წევრ ქვეყნებზე მეტი რესურსი გაგვაჩნია, რათა ერთად ვიზრუნოთ საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. საქართველოს უსაფრთხოებისთვის ნატო-ს წევრობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ საკითხის ცალსახად განხილვა ასე ადვილი არ არის, თუმცა იმედი გვაქვს, მომავალში დიდი ძალები გარკვეულ პრინციპებზე შეთანხმდებიან, რაც მსოფლიოში უსაფრთხოებას გულისხმობს. ჩვენთვის ნატო-სთან ურთიერთობის ფორმა არის მნიშვნელოვანი, რომელზეც არასოდეს უარი არ გვითქვამს. ჩვენ ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრულ საგარეო მიმართულებას არ ვცვლით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი“.