მაკა ბოჭორიშვილი: საგარეო უწყება არ არის არც არასამთავრობო, არც საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი, რომ კონსულტაციები გავიაროთ ვინმესთან, როგორი ტიპის უწყება გვჭირდება ეროვნული ინტერესების ეფექტიანად განხორციელებისთვის
„საკმაოდ კარგად ავხსენით, რას ემსახურება სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი, რომ კონსულტაციები გავიაროთ ვინმესთან, რომ ვიცოდეთ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და როგორი ტიპის საგარეო უწყება გვჭირდება იმისთვის, რომ ეფექტიანად განვახორციელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები საგარეო ასპარეზზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრის თქმით, რეორგანიზაცია არის ის პროცესი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენი საგარეო უწყების გაძლიერებას, შესაბამისად, ყველანაირი კრიტიკა ამ პროცესთან დაკავშირებით არის უადგილო.
„ცვლილებების მიზანი არის ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო იყოს უფრო ეფექტიანი და ამ ცვალებად სამყაროში უფრო კარგად შევძლოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების წარმოჩენა და დაცვა საზღვარგარეთ. ამისთვის გვჭირდება ეფექტიანი აპარატი, რომელიც იქნება ადგილზე, თბილისში და საელჩოები, რომლებიც დედაქალაქებში განახორციელებენ მუშაობას. ამას რა თქმა უნდა, სჭირდება იმ რესურსის, რა რესურსიც გვაქვს, უფრო ეფექტიანად გამოყენება და რა თქმა უნდა, ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ახალგაზრდა თაობას მისცემს კარგ შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან გარემოში შემოვიდნენ სახელმწიფოს სამსახურში და ემსახურონ საკუთარ სამშობლოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.