მაკა ბოჭორიშვილი: აშშ-დან აგრემანი 4 ივნისს მივიღეთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ელჩი უმოკლეს დროში ჩავიდეს ვაშინგტონში და დაიწყოს მუშაობა მნიშვნელოვან საკითხებზე

“დასრულდა პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა თამარ ტალიაშვილის დანიშვნას. 4 ივნისს მივიღეთ აშშ-დან აგრემანი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ელჩი უმოკლეს დროში ჩავიდეს ვაშინგტონში და დაიწყოს მუშაობა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ თამარ ტალიაშვილი ძალიან წარმატებული ელჩი იქნება.

„ელჩის დანიშვნა, წარგზავნა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. დასრულდა პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა თამარ ტალიაშვილის დანიშვნას. ჩვენ 4 ივნისს მივიღეთ საბოლოოდ აგრემანი აშშ-დან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უმოკლეს დროში ელჩი ჩავიდეს ვაშინგტონში და დაიწყოს მუშაობა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკის მხრიდან აგრემანის გაცემაც ჩვენთვის სასიხარულოა, რადგან ჩვენ მიერ წარდგენილი, შეთავაზებული კანდიდატი მათთვის მისაღები იყო და დადასტურდა. რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთხელ კარგი მომენტი, რათა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებს შევხედოთ ახალი ფურცლიდან, ახალი თვალით.

თამარ ტალიაშვილი არის ძალიან კარგი პროფესიონალი, გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკურად დიდი სანდოობით სარგებლობს როგორც ჩემთვის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ელჩი წარმოადგენს ქვეყანას კონკრეტულ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან წარმატებული ელჩი და მნიშვნელოვან როლს შეიტანს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებაში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები