“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა – რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გადარჩიო და შემაგინა, ეტყობა იქიდან უთხრეს არ გაისროლოო, დიდი გაურკვევლობა იყო, ჩანდა ჩვენი დაკავება მათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე განიხილება, „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ გოგუაძემ ისაუბრა.
ნიკოლოზ გოგუაძე იხსენებს ყინწვისში დაკავების მომენტში მეგის ქარდავასთან შეხვედრის მომენტს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო.
გოგუაძის თქმით, დაკავების მომენტში დიდ გაურკვევლობაში იყო მეგის ქარდავაც და სპეცრაზმიც, რამდენადაც ყინწვისში მყოფი ადამიანების ლიკვიდაცია სურდათ და დაკავება მათ ინტერესში არ შედიოდა.
„ყველანი დაგვყარეს იატაკზე, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი მეგის ქარდავა როგორ გამოიყურებოდა, ან ვინ იყო საერთოდ. მეგის ქარდავა მოვიდა, კითხულობდა გოგუაძე რომელიაო, მე ვუთხარი მე ვარ – მეთქი. ეგრევე კონდახი ჩამარტყა თავში, გავითიშე, ამწია და მიკროავტობუსში შემაგდო. სადაც მითხრა პირდაპირ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა „აი ამ მარშუტკაში დაგტოვებო“. ავტომატი მოშვერილი აქვს მეგის ქარდავას, ერთ ხელში ტელეფონი უჭირავს, მეორით მუხლზე უდევს ავტომატი. იღებს ტელეფონს და სადღაც რეკავს – წინ მიზის. შემდეგ ყურმილს უთიშავს ის და ეტყობა უთხრა გადმოგირეკავ მოიცაო, აი ახლა წყდება შენი ბედიო მე მეუბნება. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გამწარდა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა უთხრეს არ გაისროლოო, ჩავიდა დაბლა და მერე ნელ-ნელა ყველა გადაგვანაწილეს სხვადასხვა მიკროავტობუსში, დიდი გაურკვევლობა იყო, იქ უკვე ჩანდა, რომ ჩვენი დაკავება როგორც ასეთი მაგათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა, იმიტომ რომ არ იცოდნენ რა ექნათ ჩვენთვის, ყველა სადღაც რეკავდა რა ვქნათ, აქ გვყავს, ეს გვესმოდა ჩვენ.“-განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.