ლევან მაჭავარიანი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ევროკავშირისა და ბრიტანეთის თანამშრომლობის შესახებ: არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს

„არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან?“ – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა,  ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით  განაცხადა.

„მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას თავიდან ბოლომდე წინასაარჩევნო კამპანია ევრობიუროკრატებმა ჩაუტარეს, ბატონმა ილონ მასკმა ერთი „ტვიტი“ მიუძღვნა გერმანიაში როდესაც მიმდინარეობდა არჩევნები და აღშფოთდა მთელი გერმანია, ეს როგორ შეიძლება, ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა არისო. ისინი დელეგაციებს აგზავნიდნენ საქართველოში, საგარეო საქმეთა მინისტრებს აგზავნიან ანტისამთავრობო მიტინგებზე, მოწოდებებია „მაიდანიზაციაზე“ და ასე შემდეგ. ეს აღიზიანებთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის უსამართლო მიდგომა, რა თქმა უნდა და დროა, გადახედონ თავიანთ მიდგომას და რიტორიკას საქართველოსთან მიმართებით”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „დემოკრატიის ფარის“ ჯგუფის ევროპარლამენტარები მიმდინარე კვირაში ლონდონს ესტუმრნენ, რათა გაეზიარებინათ გამოცდილება უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში და განეხილათ როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე ევროკავშირის საკანონმდებლო პასუხები. დელეგაცია შეხვდა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერ უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა პალატისა და ლორდთა პალატის წარმომადგენლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები