ჯაბა სამუშიამ სამეცნიერო კონფერენცია – „მეცნიერება და თანამედროვე გამოწვევები“ გახსნა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში გამართული სამეცნიერო კონფერენცია „მეცნიერება და თანამედროვე გამოწვევები“ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კვლევების გაზიარება.
„მეცნიერებისადმი ინტერესი იწყება სკოლის ასაკიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს სკოლის მოსწავლეებთან და ხელს უწყობს მეცნიერების სხვადასხვა დარგით ახალგაზრდების დაინტერესებას. თსუ-ის კარი მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ყოველთვის ღიაა; ღიაა ჩვენი ლაბორატორიები, ჩვენი მეცნიერები მზად არიან ჩაატარონ საჯარო ლექციები საინტერესო თემებზე. ამ ღონისძიების მიზანიც, რომელიც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით იმართება, სწორედ ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესებას ემსახურება“, – აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
სამეცნიერო კონფერენციაზე „მეცნიერება და თანამედროვე გამოწვევები“ მოხსენებები წაიკითხეს ცნობილმა მეცნიერებმა: თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, მეცნიერებათა დოქტორმა გელა დევიძემ – „სამყაროს წარმოშობის შესწავლა ცერნის დიდ ადრონულ კოლაიდერზე“; თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა – „ორი არქეოლოგიური ფაქტი – ორი შეკითხვა“; თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა მიხეილ ჯანგავაძემ – „მოლეკულური პათოლოგია – ფუნდამენტური კვლევებიდან კლინიკურ პრაქტიკამდე“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თეა წითლანაძის თქმით, კონფერენციაზე ცნობილ მეცნიერებთან ერთად, ასევე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა მეცნიერების კვლევის შედეგები.
„ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის ჩართულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ფესტივალში, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას და სამეცნიერო კვლევებისადმი მათი ინტერესის გაღვივებას“- განაცხადა წითლანაძემ.