გენერალ-მაიორმა გიორგი ყარყარაშვილმა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი – „სამშობლოს ამარა” გენერლებსა და თანამებრძოლებს წარუდგინა
მიმდინარე წლის 6 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ-მაიორ გიორგი ყარყარაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნის – „სამშობლოს ამარა” წარდგენა. ამის შესახებ ინფორმაციას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, „სამშობლოს ამარა” არის ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები, რომელიც ავტორის თვალით გადმოსცემს 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს საქართველოში განვითარებულ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. ავტორი, ნაშრომზე, 2005 წლიდან მუშაობდა და როგორც შეხვედრაზე განაცხადა, ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ამ წლის ბოლომდე, წიგნის მეორე ნაწილიც გამოსცეს.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს გენერლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, ომში დაღუპულ იმ მეომართა ოჯახის წევრები, რომელთა შესახებაც წიგნშია მოთხრობილი. ავტორის სურვილით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, წიგნი, მოწვეულ სტუმრებს, უსასყიდლოდ დაურიგდათ.
”აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”- ნათქვამია; ჩვენმა მომავალმა თაობებმა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან მოვდივართ, რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. ყველაზე კრიზისული პერიოდი 92-93 წლებისა_ ის ეტაპი, ის მონაკვეთი, თითოეული ჩვენგანისთვის იყო ახალგაზრდობის წლების ჩვენი ქვეყნის მსახურებაში გატარების პროცესი. გიორგის ამ ნაშრომმა, თავისი პლიუს-მინუსებით, ახლიდან განგვაცდევინა ეს დინამიკა და კიდევ ერთხელ მონაწილენი გაგვხადა იმ პროცესებისა, რაც აქ მყოფებმა გამოვიარეთ,”- განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ყარყარაშვილის წიგნმა, “მუზა2024”-ის საუკეთესო დოკუმენტური პროზის ნომინაციაში გაიმარჯვა.