დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა, თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს ეკოტურისტული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში და სესიაზე – „ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება“ – სააგენტოს ეკოტურისტული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ამის შესახებ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზენტაციის ფარგლებში, თამარ ხახიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს დაცული ტერიტორიების როლზე მდგრადი ტურიზმის განვითარებაში, რომლის მთავარი პრინციპებია ბიომრავალფეროვნების დაცვა, ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაცია, ვიზიტორთა ნაკადების მართვა და ადგილობრივი თემების ჩართულობა ეკონომიკის განვითარების პროცესებში.
“დაცულ ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ეკოტურიზმის ხელშეწყობაა. აღნიშნულის ფარგლებში, დაცულ ტერიტორიებზე განვითარებულია ეკოტურისტული სერვისები და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა – ვიზიტორთა ცენტრები, კოტეჯები, ბილიკები და სხვადასხვა შემეცნებითი სივრცე. ყოველწლიურად, დაცულ ტერიტორიებს მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ვიზიტორთა ინტერესის შესაბამისი სერვისები და ნაკადების სწორად მართვა ხელს უწყობს გარემოზე ზეწოლის შემცირებას და დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკისთვის – მიმდებარე თემები ერთვებიან სერვისების მიწოდებაში და იღებენ ეკონომიკურ სარგებელს. ეკოტურიზმის განვითარება ხელს უწყობს დასაქმებასა და შემოსავლების ზრდას რეგიონებში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას ტურიზმის მდგრადი განვითარების კონტექსტში.
ფორუმი, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება, წელს განსაკუთრებით ფართო გეოგრაფიულ არეალსა და მრავალფეროვან თემატიკას მოიცავდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები, მუნიციპალიტეტების, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები,”- წერია ინფორმაციაში.