ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი: ჯერ კიდევ 20-იან წლებში, როცა ჯავახიშვილი მოიშორეს მოიყვანეს ვინმე ღლონტი და მერე დაიწყო უნივერსიტეტის ნგრევა
„ამბობენ, ისტორია მეორდებაო და მართლაც ძალიან საინტერესო ანალოგიური შემთხვევებია, ჯერ კიდევ 20-იან წლებში, როცა ჯავახიშვილი მოიშორეს რექტორობიდან, მოიყვანეს ვინმე ღლონტი და მერე დაიწყო უნივერსიტეტის ნგრევა“- ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა გიორგი გოგოლაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„არსებობს ერთი ძალიან საინტერესო დოკუმენტი, ბერიას წერილი, რომელიც არქივიდან ამოიღე. უნივერსიტეტის 10 წლის თავზე, შინსახკომი-ს [შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი] უფროსი ზემდგომ ორგანოებს წერს, რომ საფრთხეს უქმნის ხელისუფლებას ქართული უნივერსიტეტი იმიტომ, რომ სტუდენტები განწყობილი არიან ჩვენს საწინააღმდეგოდ. რომ ივანე ჯავახიშვილი კერპია, ისინი ივანე ჯავახიშვილის სიტყვას ისმენენ და ჰყვება იმ ამბავს, რომ საიუბილეო სხდომაზე ფილიპე მახარაძის შემოსვლა არავის აღუნიშნავს და ჯავახიშვილის ხსენებაზე დაინგრა დარბაზი. ეს ჩვენ გვაფრთხილებს, რომ ეს უნივერსიტეტი, როგორც საფრთხე უნდა გავანეიტრალოთ. დაახლოებით ეს არის ბერიას მაშინდელი [წერილი] და დაიწყო კიდევაც შეტევა 30-35 წლებში. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ის, სამწუხაროდ რაც შეძლო ამ [„ნაციონალური მოძრაობის“] ხელისუფლებამ უნივერსიტეტის წინააღმდეგ“-განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.