ვალერი ბგანბა: ხელშეკრულების პროექტის პუნქტში საუბარი სუვერენიტეტის დაკარგვაზეა

რუსეთ-აფხაზეთის ახალი შეთანხმების შესახებ დეპუტატების რეაქცია დადებითი არ არის, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.
როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს, ბგანბას თქმით, შეთანხმების დოკუმენტში, ბევრ პუნქტში საუბარი სუვერენიტეტის დაკარგვაზეა.
„არ მინდა ისეთ ფორმულირებას მივმართო, რომ აღნიშნული ფაქტი ნეგატიურია, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ეს რეაქცია ამ ტერმინთან ახლოსაა, ვინაიდან ბევრ პუნქტში საუბარი სუვერენიტეტის დაკარგვაზეა. ამიტომ, რა თქმა უნდა, დეპუტატების რეაქცია დადებითი ვერ იქნებოდა“,- ამბობს ბგანბა.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერა აფხაზეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია იქნება.
„უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში აფხაზეთი მაინც რუსეთის ფულით სულდგმულობს. ამიტომაც მათი მხრიდან რუსეთისგან გამიჯვნა წინდაუხედავი ნაბიჯი იქნებოდა. ამას არც აპირებენ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აფხაზებთან საუბრის ტონი არა ანტირუსულ რიტორიკაზე, არამედ ქართულ შეთავაზებებზე იყოს დამყარებული და ჩვენ მათ ამ შეთავაზების ხელმოწერილი დოკუმენტი უნდა წარვუდგინოთ“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმების პროექტს განიხილავენ. შეთანხმების პროექტის მე-5 მუხლი ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზეთს შორის „გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას აგრესიის მოსაგერიებლად გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის თანახმად და ამ დაჯგუფების სამმართველოს ფორმირებას“.
გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივ მოქმედებებს აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ერთიანი სოციალური და ეკონომიკური, საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცეების შექმნას. ამავე პროექტით რუსეთი ყოველმხრივ ხელს შეუწყობს აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფას, მათ შორის იმ სახელმწიფოების წრის გაფართოებას, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ასევე, შექმნის წინაპირობას აფხაზეთის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები