რატი იონათამიშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: პოზიტიური დინამიკის წინსვლას და განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია
“პოზიტიური დინამიკის წინსვლას და განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია და საღი აზრი ყოველთვის გაიმარჯვებს, “- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორ სტივ დეინსის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით სახეზეა ხელშესახები ქმედებები, კონკრეტული ნაბიჯები, ვიზიტები და განცხადებები.
„როდესაც გარკვეული საკითხის, პრობლემის გადაჭრის რეალობა იკვეთება ხოლმე, მეორე მხრივ, როგორც წესი, ის ძალები, ვინც არიან დაინტერესებული, რომ მსგავსი პოზიტიური პროცესი არ იყოს ხოლმე მიღწეული, აქტიურდებიან ხოლმე. ამის მაგალითად მოვიყვან თუნდაც, როდესაც პრეზიდენტი ტრამპის ჩართულებით გამოიკვეთა კონტურები უკრაინაში ომის დასრულების, ამავდროულად გააქტიურდნენ ის ძალები, ვინც აშკარად ღია განცხადებებითა თუ ქმედებებით ცდილობდნენ და ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ მშვიდობის დამყარებას.
რასაკვირველია, როდესაც გამოიკვეთება კონტურები იმისა, რომ გადატვირთვა ნამდვილად შედგეს, გარკვეული ძალების მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი საწინააღმდეგო ქმედებები. მაგრამ. მაგრამ საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური დინამიკის წინსვლას და განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია და და საღი აზრი ყოველთვის გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის დადებითისკენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მით უმეტეს, როდესაც ამის ხელშესახები ქმედებები, კონკრეტული ნაბიჯები, ვიზიტები, განცხადებები სახეზე გვაქვს.
არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ გარკვეული პროგნოზები ვაკეთოთ. ფაქტი არის ის, რომ ერთგვარი პოზიტიური დინამიკა ამ პროცესში არის უკვე, სახეზეა კონკრეტული მაგალითები და ის, ვინც დგას საღი აზრის მხარეს, ყოველთვის იქნება ორიენტირებული თანამშრომლობაზე და თანამშრომლობის იმ ფორმებზე და გზებზე, რომლებსაც კონკრეტული ორმხრივი სიკეთეები და შედეგები მოაქვს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
მისი განმარტებით, გულწრფელობით ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, ვინაიდან, თავისი ბიოგრაფიით არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის უპირველესია სახელმწიფოს ინტერესები.
„რაც შეეხება განცხადებას, რომ თითქოს გარკვეული გზავნილები უნდა გადაეცა [ელჩს] ბიძინა ივანიშვილისათვის, გარკვეული ახსნა იყო გაკეთებული „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მხრიდან ამასთან დაკავშირებით. ამ გულწრფელობით ის კიდევ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, ვინაიდან, თავისი ბიოგრაფიით არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის უპირველესია ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესები და ამ ჭრილში უბრალოდ უხერხულია პირად, პერსონალურ ინტერესებზე საუბარი“, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.