რატი იონათამიშვილი პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოების განცხადებებზე: თუ წერილის მიზანი არის ცრუ აღქმების შექმნა, ამის გაქარწყლებაც ძალიან მარტივად შეიძლება
“იბადება კითხვა, რაში სჭირდებოდათ მსგავსი წერილის გამოქვეყნება და თუ ამისი მიზანი არის ცრუ აღქმების შექმნა, ამის გაქარწყლება ძალიან მარტივად შეიძლება, “- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
დეპუტატი აღნიშნულით გამოეხმაურა საკუთარი მოქალაქეებისადმი საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოების გაფრთხილებას, რომ საქართველოში გამგზავრებამდე ის ფაქტორები შეაფასონ, რაც შესაძლოა ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
„ორი ქვეყნის ერთი სულისკვეთებით დაწერილ საერთო წერილში ვნახეთ დეზინფორმაციული ნარატივი. ამ დეზინფორმაციის ნარატივის გაქარწყლება ძალიან მარტივად მოხდა როდესაც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილი. მაგალითად პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოს წერილშიც იყო ნათქვამი, რომ თითქოსდა საქართველოში გახშირდა უარის თქმა საზღვარზე მათ მოქალაქეებზე.
მასშტაბები რომ წარმოვიდგინოთ – სამ მილიონნახევრიანი ქვეყნიდან, საქართველოდან პოლონეთში უარი აქვს ნათქვამი 1300-მდე მოქალაქეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაშინ, როდესაც ორმოცმილიონიანი ქვეყნიდან საქართველოში იგივე პერიოდში უარი აქვს ნათქვამი მხოლოდ 9 მოქალაქეს. როდესაც ამის შემდეგ წერია, რომ გახშირდაო, ეს ცალსახად არის დეზინფორმაცია. აქედან იბადება კითხვა, რაში სჭირდებოდათ მსგავსი წერილის გამოქვეყნება და თუ ამისი მიზანი არის ცრუ აღქმების შექმნა, ამის გაქარწყლება ძალიან მარტივად შეიძლება და თუ ამის შედეგია ის, რომ ქართულ ეკონომიკაზე რაიმე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინონ ამ ადამიანებმა, ვხედავთ, რომ გარკვეული ჯგუფები დიდი ხანია ცდილობენ ქართულ ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის მოხდენას, თუმცა როგორც ჩვენს სუვერენიტეტს ვიცავთ, ისე დავიცავთ ქართულ ეკონომიკას“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.